top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

რატომ არის ნათია ჯანაშიას ბრიტანული სარჩელი წაგებისთვის განწირული

  • Jul 23
  • 2 min read


ლონდონის უმაღლესი სასამართლოს დარბაზებში, სადაც გლობალური ფინანსური თუ კერძო დავების ბედი წყდება, ხშირად ეჯახება ერთმანეთს რეალური სამართლებრივი არგუმენტები და პოლიტიკური დრამატურგია. „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო ატეხილი დავა, რომელიც 30%-იანი წილის მფლობელმა, ნათია ჯანაშიამ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გადაიტანა, სწორედ ამ ზღვარზე გადის. თუმცა, სამართლებრივ კულუარებში არსებული ანალიზი მოწმობს, რომ ამ ლონდონურ სარჩელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სასამართლო განსახილველად მიიღებს, წარმატების პერსპექტივა პრაქტიკულად არ გააჩნია.


კორპორაციული დავიდან პოლიტიკურ ფრონტამდე

საქმის არსი, ერთი შეხედვით, კერძო სკოლის პარტნიორებს შორის წარმოშობილ უთანხმოებას ეხება, თუმცა ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაცია სცდება ჩვეულებრივ ბიზნეს-დავას.


სარჩელში, ფაქტობრივად, შეტევაა გამოცხადებული ქართულ მართლმსაჯულებაზე:

მოსამართლეებისკენ მიმართული ბრალდებები: მოსარჩელე მხარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილსა (რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიცაა) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს, მთელ სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობის არქონასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

მასშტაბური პოლიტიკური კონტექსტი: ჯანაშიას დარტყმის მთავარ სამიზნედ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი იქცა. სარჩელში ისინი დადანაშაულებულნი არიან ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაში, სასამართლოზე ზეწოლაში, კორუფციასა და საგარეო კურსის ცვლილებაში.


მოსარჩელის მთავარი ნარატივი იმაზე დგას, რომ საქართველოში საქმის სამართლიანად განხილვა შეუძლებელია და, შესაბამისად, ერთადერთ თავშესაფრად ბრიტანული მართლმსაჯულება უნდა იქცეს.


შუამდგომლობა, რომელიც კრახის ტოლფასია

პირველი სხდომის მიმდინარეობისას, განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შუამდგომლობებთან დაკავშირებით. ლონდონის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის ის მოთხოვნები, რომლებიც სასამართლოზე უშუალოდ კერძო ბიზნეს-სტრუქტურების გავლენებს ეხებოდა. სანაცვლოდ, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ჯანაშიას მხარეს დაევალა ქართველი ექსპერტის მეშვეობით დაამტკიცოს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად კორუმპირებულია, დამოუკიდებელი არ არის და ხელისუფლების მითითებებს ასრულებს.


ერთი შეხედვით ფორმალური პროცესუალური ნაბიჯი, რეალურად, მოსარჩელისთვის ნამდვილი კრახის ტოლფასია. ამ გადაწყვეტილებით ბრიტანულმა სასამართლომ საქმეს ჩამოაშორა ყველა ბიზნეს-ასპექტი და სარჩელის დაშვებადობა მხოლოდ ერთი, თითქმის შეუძლებელი პირობის შესრულებას დაუკავშირა — მოსარჩელემ ლონდონში მთლიანი სახელმწიფოსა და მისი მართლმსაჯულების სისტემის უვარგისობა უნდა დაამტკიცოს. თუ ეს ვერ შეძლო, სარჩელს ბრიტანული სასამართლო საერთოდ არ მიიღებს.


ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებით ჯანაშიას სარჩელმა ყოველგვარი სამართლებრივი ბაზისი დაკარგა და პოლიტიკურ განცხადებად იქცა. სასამართლოს მიერ საქმის ასეთ ვიწრო, პოლიტიკურ ჩარჩოში მოქცევა მოსარჩელისთვის სტრატეგიული კრახია — მან საკუთარი ხელით ჩახერგა კერძო დავის ლონდონში განხილვის ყოველგვარი რეალური პერსპექტივა.


შეცდომაში შეყვანის რისკები

მოვლენათა ასეთ განვითარებაში იკვეთება კიდევ ერთი, მოსარჩელე მხარისთვის საკმაოდ სახიფათო დეტალი: თუ ბრიტანული სასამართლო ჩათვლის, რომ ეს პოლიტიკური დისკურსი და „თაღლითური ხრიკები“ მხოლოდ იმიტომ იქნა გამოყენებული, რომ ლონდონის სასამართლოს ხელოვნურად აეღო თავის თავზე საქმის განხილვა, ვითარება მკვეთრად შეიცვლება.

ასეთ შემთხვევაში, დიდია ალბათობაა, ნათია ჯანაშიას მხარეს უკვე უშუალოდ ბრიტანული მართლმსაჯულების წინაშე მოუწიოს თავის მართლება — ამჯერად ლონდონის სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობის ბრალდებით.

 
 

ახალი ამბები

bottom of page