top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშია თვისივე წარმოებულმა საბოტაჟის კამპანიამ უკიდურესად დააზიანა

Sep 8
2 min read

ნათია ჯანაშია, მაშინ როცა მას „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წილის გამო ინვესტორთან დავა ახალი დაწყებული ჰქონდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ლოიალობითაც კი სარგებლობდა. ის ცდილობდა თავი წარმოეჩინა, როგორც მსხვილი საინვესტიციო კომპანიის მიერ უსამართლოდ დაჩაგრული, რომელსაც წილი მოტყუებით გააყიდინეს და რომელსაც დანაპირებები არ შეუსრულეს.


მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მთელი რიგი ფაქტები, რაც ნათია ჯანაშიას პოზიციებისსიყალბეს ამხელდა, მისი ეს ნარატივები მალევე გაბათილდა. მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი მან საკუთარ თავს საბოტაჟის იმ კამპანიით მიაყენა, რაც ერთი მხრივ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“, მეორე მხრივ ქვეყნის მშპ-ის 4%-ზე მეტის შემქმნელი კორპორაციისა და რაც მთავარია, ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოა.


ნათია ჯანაშია ცდილობდა “აკადემიის” დასუსტებას, მისი რეპუტაციის შერყევას, ლამის მის ლიკვიდაციასაც კი. მან ხელი შეუშალა კომპანიის ხელახალირეგისტრაციის პროცესს და ამით რეალურად დააყენა იგი ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე. ეს კი დასჭირდა საიმისოდ, რომ თუნდაც “აკადემიის” ლიკვიდაციის რეალური საფრთხის ფონზე, პარტნიორებზე ზეწოლა გაეგრძელებინა და გაემძაფრებინა.


ნათია ჯანაშიამ, ისევ და ისევ ინვესტორზე ზეწოლის მიზნით, მრავალგზის გაავრცელა მოწოდებები ინვესტორთან დაკავშირებული უმსხვილესი კომპანიების წინააღმდეგ. ის საზოგადოებას დაჟინებით მოუწოდებდა, დაეხურათ ანგარიშები, გაეუქმებინათ ყველა პროდუქტი და სერვისი, რაც ინვესტორის მიერ მართულ საფინანსო ინსტიტუტებს უკავშირდებოდა. ასევე იქცეოდა იგი საქართველოს უმსხვილესი კორპორაციის შემადგენელ სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმართებითაც.  ბუნებრივია, ეს ყველაფერი, უპასუხისმგებლობასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც მოიცავს, რამდენადაც პირდაპირი შეტევაა ქართული ეკონომიკის სტაბილურობის წინააღმდეგ.


თუმცა, საზოგადოებამ უკვე ისიც იცის, რომ ნათია ჯანაშია არაფრად დაგიდევს არათუ ეკონომიკის სტაბილურობას, არამედ მთლიანად ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც. როცა საქმე ეხება იმას, რომ თუნდაც უსამართლო, დეფამაციური და ყალბი განცხადებებით, შესაძლოა, დროის ამა თუ იმ მონაკვეთში მან გარკვეული საზოგადოებრივი დივიდენდი მოიპოვოს, ნათია ჯანაშია ამ ნაბიჯებზე უკანმოუხედავად და ანგარიშმიუცემლად მიდის.


ამის დასტურია ინგლისის სასამართლოში მისი სარჩელის შინაარსი. სარჩელში შავით თეთრზე წერია, რომ ბრიტანულმა მართლმსაჯულებამ მისი საქმე უნდა განიხილოს, რადგან საქართველოში, იმის გამო, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმია, რომელმაც ქვეყანა ევროპული გზიდან რუსულ გზაზე გადაიყვანა, მის საქმეებს პერსპექტივა არ აქვს. წერია, ისიც, რომ ქვეყნაში მთელი სასამართლო სისტემა კორუმპირებულია.


ნათია ჯანაშიას საბოტაჟისადმი მიდრეკილების დასტურია ბრიტანულ „ტელეგრაფში“ განთავსებული დაკვეთილი სტატიაც, სადაც  საქართველოს პოლიტიკური ვითარების მიმოხილვისას, სრულიად უადგილოდ ჩასმულია ასევე მისი ქეისი, როგორც კორუმპირებულ სასამართლოსთან დაპირისპირებული,სკოლის დაჩაგრული დამფუძნებლის ისტორია...


მართალია, ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“, მას შემდეგ, რაც გაარკვია ამ სტატიის რეალობასთან შეუსაბამო შინაარსი და მისი შეფარული კომერციული ხასიათი, იგი ისე მოხსნა საიტიდან, რომ ციფრული კვალიც კი ძლივს იძებნება. მაგრამ ფაქტი ფაქტად  რჩება, რომ ნათია ჯანაშია, მის მიერვე წარმოებულმა საბოტაჟმა და დეფამაციურმა კამპანიამ „აკადემიის“, ინვესტორისა და ქვეყნის წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ თავად იგი დააზიანა უკიდურესად.

 
 

ახალი ამბები

bottom of page