top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ვისი დავალებით ებრძვის ნათია ჯანაშია ბიძინა ივანიშვილს

Aug 26
2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ მიმდინარე მრავალწლიანი დავა სულ უფრო მწვავე და დრამატულ ფაზაში შედის. მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას მხრიდან ის უკვე გასცდა ჩვეულებრივი კორპორაციული უთანხმოების ფარგლებს


საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებულია, რომ ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის ქმედებები მიზანმიმართული, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანიის ხასიათს ატარებს, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოდან პოლიტიკურ სიბრტყეშია გადასული და მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტების, ქვეყნის პირველი პირებისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.


ანალიტიკოსთა შეფასებით, „აკადემიის“ რეიდერული გზით ხელში ჩაგდების გზაზე, ნათია ჯანაშიას მხარე არ ერიდება სახელმწიფოს პირდაპირ შანტაჟს. ამ მიზნის მისაღწევად ისინი იყენებენ დავის მაქსიმალური პოლიტიზების სტრატეგიას. ცდილობენ მოახდინონ ინვესტორის დეჰუმანიზაცია და სახელმწიფო უწყებებზე ზეწოლის გზით აიძულონ ისინი, დაუშვან შეცდომები, რათა შემდგომში ეს ფაქტები საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ.


სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია თავდასხმები ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. შიდა კორპორაციული დაპირისპირება წარმოჩენილია, როგორც პოლიტიკური დევნა, რათა საერთაშორისო დონეზე პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯი შეილახოს.


ნათია ჯანაშიას ორმაგი სტანდარტები განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მან დავას საერთაშორისო მიმართულებაც მისცა და ინვესტორის წინააღმდეგ სარჩელი ლონდონში, ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების დეპარტამენტში შეიტანა.


თუ დავის პირველ ეტაპზე, ნათია ჯანაშიას მიერ კონტროლირებადი გვერდები სოცქსელში აქტიურად აქებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და აცხადებდნენ, რომ მათ ოპოზიციური ძალები ებრძოდნენ. ლონდონის სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებსა და შეკვეთილ სტატიებში რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა.


ბრიტანეთის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ჯანაშიამ და მისმა ქმარმა პარტნიორულ დავასთან სრულიად შეუსაბამო ფიგურები ჩართეს. მათ შორის: მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი; პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი.


ბრიტანულ მედიასა და სასამართლოში ისინი მწვავედ აკრიტიკებენ ქართულ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილსა და მინისტრებს კორუფციაში, ავტორიტარული რეჟიმისა და კლანური სისტემის ჩამოყალიბებაში, სასამართლოზე ზეწოლასა და საგარეო კურსის ცვლილებაში ადანაშაულებენ.


ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის გავლენიანი ფიგურებისა და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ეს კამპანია მიზნად ისახავს რეპუტაციული ზიანის შექმნას, რათა ინვესტორმა საერთაშორისო წნეხის გამო ხელი აიღოს საკუთარ კანონიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე.


ანალიტიკოსთა შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული პოლიტიკური ტალღა, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებების შანტაჟის კიდევ ერთი მცდელობა იყოს. ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამჟამად მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში (2019-2024 წლებში) აკადემიის კუთვნილი 4 მილიონი დოლარის სავარაუდო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.


საგამოძიებო უწყებაზე შეტევა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. შესაბამისად, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება, ფასდება როგორც კარგად ნაცადი ხრიკი, რათა საერთაშორისო ხმაურითა და პოლიტიკური თავდასხმებით გადაიფაროს თავად ჯანაშიას წინააღმდეგ არსებული მძიმე ფინანსური დანაშაულის ნიშნები და მოხდეს საგამოძიებო ორგანოების პარალიზება.


თუმცა, მოვლენათა ასეთ განვითარებაში იკვეთება კიდევ ერთი, მოსარჩელე მხარისთვის საკმაოდ სახიფათო დეტალი: ლონდონის სასამართლო, რომლისთვისაც საკუთარი რეპუტაცია უზენაესია, დიდი ალბათობით, არც მიიღებს ამ სარჩელს წარმოებაში მისი პოლიტიკურად ანგაჟირებული ხასიათიდან გამომდინარე. ხოლო თუ ბრიტანული მართლმსაჯულება ჩათვლის, რომ ეს პოლიტიკური დისკურსი მხოლოდ სასამართლოს შეცდომაში შეყვანისა და საქმის ხელოვნურად გადაბარების მიზნით იქნა გამოყენებული, ნათია ჯანაშიას მხარეს უკვე უშუალოდ ლონდონის სასამართლოს წინაშე მოუწევს თავის მართლება.

 
 

ახალი ამბები

bottom of page