top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას გრანდიოზულ სასახლეში ჩვეულებრივი კორპუსის 38 ბინა დაეტევა

Sep 29
2 min read

ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის მიერ მაგნოლიას ქუჩაზე აშენებული გრანდიოზული სასახლე, რომელიც თბილისის ვილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მდიდრულია, ბოლო პერიოდში საზოგადოების განხილვის მთავარი თემაა.


როგორც ირკვევა, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას 3 820 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართში ჩვეულებრივი კორპუსის 38 ბინა დაეტევა, რადგან თუ საშუალოდ 100-კვადრატულიან ბინებს ავიღებთ, რაც ქართულ რეალობაში კორპუსებში ბინების საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია გამოდის, რომ ერთ ოჯახს მთლიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ტოლი ფართი უკავია.


თავად ეს მასშტაბი საკმაოდ შთამბეჭდავია მით უმეტეს, რომ მაგნოლიას სასახლე ფართით ავლაბარში მდებარე ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარ შენობასაც კი აჭარბებს, რომელიც 3 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.


უფრო მეტიც, ის სიდიდით, გრანდიოზულობითა და მასშტაბურობით ისეთ ისტორიულ სასახლეებსაც აღემატება, როგორებიცაა ერეკლე II-ის ცნობილი თელავის სასახლე, რომელზეც 5-ჯერ დიდია, ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, რომელიც სულ რაღაც 700 კვადრატული მეტრია, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე 650 კვ.მ და თვით დადიანების საყოველთაოდ ცნობილი სასახლეც კი, რომელიც 3 675 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ნათია ჯანაშიას სასახლე დადიანებისაზე 145 კვადრატული მეტრით დიდია.


ასეთ გრანდიოზულ სივრცეში, სადაც ჩვეულებრივი კორპუსის 38 ბინა ეტევა, ინფრასტრუქტურაც განსაკუთრებულია: აქ შეხვდებით ბოულინგის შიდა დარბაზს თავისი ლაუნჯითა და 2 ბილიკით, სტანდარტული ზომის მინიფეხბურთის დახურულ მოედანს, 20 კაცზე გათვლილ შიდა კინოთეატრს (55,8 კვ.მ), ღია და დახურულ აუზებს, სპა-ცენტრს სამასაჟე სივრცითურთ, რელაქსაციის ოთახებს, საბავშვო და ფიტნეს ცენტრებს, ბარს, სტილისტის სივრცეს, ღვინის ლაუნჯს, მოახლეების საცხოვრებელს, ცხოველების ოთახს, ჩაის ლაუნჯსა და აკვადისკოთეკას.


სოციალურ ქსელებში ამ მასშტაბებმა და დეტალებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ადამიანები აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებაც, თუ რა ფილმის პრემიერით გახსნიან ნათია ჯანაშია და მისი სტუმრები კინოთეატრს - გამოთქმული მოსაზრებით, შესაძლოა ეს იყოს დოკუმენტური ფილმი სათაურით „როგორ მოვიპაროთ 4 მილიონი“. ამის ინსპირაცია კი იმ საქმემ მისცა, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა ნათია ჯანაშიას და მის ქმარს 4 მილიონი აშშ დოლარის მიტაცება/გაფლანგვა ედავება.


შეგახსენებთ, რომ შესაძლო თაღლითობის ფაქტზე საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. საჩივარი საერთაშორისო გავლენიანი აუდიტორული კომპანიის მოკვლევის საფუძველზე შევიდა. ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერია (30%). მან 2019 წელს „აკადემიის“ 70% გაყიდა „საქართველოს განათლების ჯგუფზე“ და ქმართან, დავით ცეცხლაძესთან ერთად, 29,3 მლნ ლარი მიიღო, რასაც ხელშეკრულების მიხედვით წლიურად 1 მილიონი ლარის ოდენობის მენეჯერული ხელფასებიც ემატებოდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წელს, ინვესტორმა მათ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა, რის ფონზეც დავა დაიწყო. დღეს ნათია ჯანაშიას ქონება 80 მილიონ ლარს აჭარბებს და ის საქართველოს უმდიდრესი ქალების ათეულში შედის.

 
 

ახალი ამბები

bottom of page