top of page
Untitled-1.webp
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას მოქმედების საგანგაშო შედეგები

Aug 17
2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის მმართველობის პერიოდი, როგორც ირკვევა, სკოლისთვის ფინანსური მაქინაციების სამარცხვინო ქრონიკად იქცა. მათმა საქმიანობამ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაცვლად, აკადემია საეჭვო სქემების პოლიგონად გადააქცია. დღეს უკვე არსებული დოკუმენტური მტკიცებულებები ნათლად აჩვენებს იმ დამანგრეველ მასშტაბებს, რომლითაც ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის მენეჯმენტის პერიოდში აკადემიას ზარალი მიადგა.


საერთაშორისოდ აღიარებული და დიდ ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე, ნათია ჯანაშიას მმართველობის დროს აკადემიიდან მილიონების გაფლანგვა გამოიკვეთა - რა საკითხზეც წარმოებს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.


ამის გარდა, რამდენიმე მძიმე კრიმინალური ეპიზოდიც გამოიკვეთა: 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, ხელშეკრულების დასრულების შემდგომ პერიოდში, ჯანაშიამ და მისმა ქმარმა უკანონოდ განაგრძეს ფულადი ანაზღაურებების მიღება და ხელფასებზე დანამატის სახით სალაროდან ზუსტად 666 666 ლარი დაიტაცეს.


ამასთანავე, 2019-2025 წლებში ჯანაშია და მისი ქმარი აკადემიის ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ პირად მოგზაურობებს, უზრუნველყოფდნენ შვილებისა და მშობლების სადაზღვევო ხარჯებს, ფარავდნენ ნათესავების სწავლის ღირებულებას და სხვა. ამ ყველაფერმა აკადემიას 2 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა.


ფინანსური მაქინაციები შეეხო უძრავ ქონებასაც: ნათია ჯანაშიას ქმარმა სკოლის ფინანსებით გაარემონტა პირადი ფართები, ხოლო უცხოელი მასწავლებლების საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, ქირავნობა დავით ცეცხლაძის საკუთრებაში არსებულ ბინებზე გააფორმეს, საიდანაც ხელოვნურად გაბერილი თანხები - ჯამში 345 ათასი ლარი პირდაპირ ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის პირად ანგარიშებზე დაირიცხა.


ერთ-ერთი მასშტაბური რეიდერული ნაბიჯი კი 2024 წლის ივლისში გადაიდგა, როდესაც მენეჯმენტიდან წასვლის წინ, მათ მალულად შეიძინეს ლისის ტბის მიმდებარედ, აკადემიის მომიჯნავედ მდებარე ის მიწის ნაკვეთი, რომლის ყიდვის ინტერესიც სკოლას ჰქონდა, და პარალელურად იდენტური სახელით კლონირებული კომპანია დააფუძნეს მოსწავლეების შეცდომაში შესაყვანად, გადასაბირებლად და აქტივების მისათვისებლად.


გამოვლენილი ამ და სხვა დარღვევებისა და მიყენებული რამდენიმე მილიონი დოლარის ზიანის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე #092060925001, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.

იმ ფონზე, როდესაც ნათია ჯანაშია მძიმე პრობლემების წინაშე დგას, ყოფილი დირექტორი და მისი გარემოცვა ცდილობს სკოლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და აწარმოებს აგრესიულ კამპანიას „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ამჟამინდელი წარმატებული მენეჯმენტის წინააღმდეგ.


ცილისწამებათა სერია, რომელიც სკოლის ირგვლივ ხელოვნური კრიზისისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ბოროტად დაგეგმილი სქემის ნაწილია. ფაქტია, რომ ნათია ჯანაშიასა და მის ქმარს, მათი მენეჯმენტის დროს გაფლანგული და დატაცებული 4 მილიონი დოლარის გამო, აუცილებლად მოუწევთ პასუხი აგონ „ბრიტანულ-ქართულ აკადემიის“ წინაშე.

 
 

ახალი ამბები

bottom of page